პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს შარშანდელ სამიტს ესწრებოდა, „ჰავანის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. AP-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა განაცხადა.
„ოფიციალური პირი არ იყო თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ოფიციალური დელეგაციის წევრი, მაგრამ იქ იყო "ცალკე და მონაწილეობდა შეხვედრებში, რომლებიც NATO-ს სამიტის ნაწილი იყო," - აღნიშნა სინგმა.
„მე შემიძლია, დავადასტურო, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა "ანომალიურ ინციდენტებში,” - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
სინგს არ დაუკონკრეტებია, მიმართა თუ არა დაზარალებულმა სამედიცინო დახმარებას, ან იძულებული გახდა თუ არა, შეეწყვიტა მოვალეობის შესრულება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. როდესაც ჰკითხეს რუსეთის შესაძლო ჩართულობის შესახებ, სინგმ მედიას ურჩია, მიემართათ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ იძიებს ამ საკითხს.
ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.